Rvinoebi

დახვეწილი და ტრადიციული

„ხოხბის ცრემლების“ ყველა ღვინო დაყენებულია ქვევრში, უნიკალურ ქართულ ჭურჭელში, რომელიც ღვინის დასადუღებლად და შესანახად გამოიყენება. არქეოლოგიური მონაპოვრების მიხედვით, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის VI ათასწლეულით თარიღდება, ქვევრი პირველი ჭურჭელი იყო, რომელიც ღვინის დასადუღებლად გამოიყენებოდა. ქვევრი თიხისგან მზადდება, იგი გაპოხილია ფუტკრის ცვილით და მთლიანად ჩაფლულია მიწაში, სადაც მთელი წლის განმავლობაში ერთნაირი ტემპერატურაა, ეს კი ღვინოს მიწის ბუნებრივ სიგრილეში დადუღებისა და შენახვის საშუალებას აძლევს. „ხოხბის ცრემლების“ ქვევრები სხვადასხვა ასაკისაა, ზოგიერთი მე-19 საუკუნის შუა პერიოდს მიეკუთვნება. ჩვენ მარანი შუაგულ ვენახში ავაგეთ, რათა მაქსიმალურად აგვეცილებინა თავიდან ტრანსპორტირების გამო ყურძნის დაზიანება. ეს საშუალებას გვაძლევს, მოსავალი მოვიწიოთ და დავწუროთ დღის ცხელი პერიოდის დადგომამდე. ჩვეულებრივ, მნიშვნელოვანია საათები, სანამ დაკრეფილი ყურძენი დაიწურება და ქვევრში ჩაიყრება. ტრადიციული ქართული მეღვინეობის მეთოდების მიხედვით, ყურძნის კანს, წვენსა და წიპწებს ემატება მწიფე კლერტი როგორც წითელ, ისე თეთრ ღვინოებში. ჭაჭაზე დავარგების პროცესი დამოკიდებულია ყურძნის ჯიშსა და ქვევრის ზომაზე. დაღვინების პერიოდი მერყეობს 3-დან 6 თვემდე.

 

ჩვენი ყველა ღვინო მხოლოდ და მხოლოდ ქვევრში ძველდება, ამიტომ ისინი არ იღებენ მუხის კასრების არომატს. მართალია, ზოგიერთი მეღვინე მუხის არომატის არქონას ნაკლად თვლის, ჩვენ უპირატესობად მივიჩნევთ ყურძნის ხარისხის შენარჩუნებას და შედეგად - დაწმენდილი და კრიალა ღვინის მიღებას.

 

„ხოხბის ცრემლები“ უძველეს ვაზის ჯიშებს გაგაცნობთ, თითოეული მათგანი ცოცხალ ქართულ ტრადიციებზე დაყენებულ ღვინოს იძლევა.