turebi

მოგზაურობა ღვინის ცივილიზაციის სამშობლოში

 

აღმოაჩინეთ ქართული ღვინის სამყარო - ნება მოგვეცით, ახლოს გაგაცნოთ ქართული ღვინის როგორც დაყენების, ასევე დალევის კულტურა. თუ გსურთ, შაბათ-კვირა თბილისის გარეთ გაატაროთ, ან პირველად სტუმრობთ ამ ქვეყანას, გთავაზობთ თქვენი ინტერესებისთვის ზედგამოჭრილ ტურს. ჩვენი ყველა ტური ღვინოსა და მის ისტორიაზეა ორიენტირებული, იგი სტუმარს ეხმარება, უფრო კარგად და ნათლად აღიქვას ღვინის ადგილი ქართულ კულტურაში. ამისთვის ტურის ორგანოზატორები იყენებენ უძველეს პოლიფონიურ სიმღერებს, რომლებიც ვენახში სრულდებოდა, ასევე - მრავალსაუკუნოვანი მონასტრების მონახულებას, საიდანაც აღორძინდა სადღესასწაულო ტრადიციები საქართველოში.

ჩვენი 1-3-დღიანი ტურები საქართველოს ღვინით განთქმულ კუთხეს, კახეთის ნაყოფიერ ველებს მოიცავს. უფრო დიდი ექსკურსიები იმართება ცენტრალური და დასავლეთი საქართველოს პატარა, სპეციფიკურ რეგიონებში. ყველგან, სადაც მოხვდებით, გაეცნობით და დააგემოვნებთ მსოფლიო კლასის ღვინოებს, რომელთაც ნაკლებად იცნობენ დასავლეთში. ვაზის 500-ზე მეტი ენდემური ჯიშითა და მევენახეობის მრავალფეროვანი საგანძურით საქართველო უნიკალურია მსოფლიოში. ამ იშვიათ ღვინოებთან ერთად, მას მდიდარი კულინარული ტრადიციაც აქვს, რომელიც გამოირჩევა ახალი ხორცის მარტივი, დახვეწილი მომზადებით. ქართული სუფრის გარშემო გატარებულ საღამოს, შესანიშნავი ღვინით, უგემრიელესი კერძებით, სულში ჩამწვდომი ხალხური სიმღერითა და პოეტური სადღეგრძელოებით ადვილად ვერ დაივიწყებთ.

 

უფრო ნათლად რომ წარმოიდგინოთ, როგორი იქნება თქვენი მოგზაურობა, აქვე გთავაზობთ კახეთის ტურის მარშრუტის ნიმუშებს, ასევე 7-დღიანი ტურის ძირითად მომენტებს, რომლებიც მოიცავს რაჭის, გურიისა და სამეგრელოს ზოგიერთ სპეციფიკურ რეგიონს.

როცა სამოგზაუროდ მზად იქნებით, დაგვიკავშირდით!

 

1-დღიანი ტური - ხოხბის სიხარული

თბილისიდან სიღნაღის რეგიონში გამგზავრება. პირველი გაჩერება ბოდბის დედათა მონასტერში, სადაც წმინდა ნინო განისვენებს.

წმინდა ნინომ მეოთხე საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობა გაავრცელა ვაზის ჯვრის ძალით, რომელიც მან საკუთარი თმებით შეკრა. წმინდანის საფლავზე უამრავი მომლოცველი მოდის როგორც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, ისე მსოფლიოს ქვეყნებიდან.

ბოდბიდან ვაგრძელებთ გზას ქალაქ სიღნაღამდე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქადაა აღიარებული. სიღნაღი სავსეა ქვაფენილიანი ქუჩებით, კრამიტით გადახურული სახლებითა და ფერად-ფერადი აივნებით. ქალაქიდან ალაზნის ველისა და კავკასიონის უზარმაზარი მთების სულისშემკვრელი, განსაცვიფრებელი ხედები იშლება. სიღნაღში,  ჩვენს 250-წლოვან დასაგემოვნებელ დარბაზში, გაგიმასპინძლდებით „ხოხბის ცრემლების“ ღვინოებით, რომელთაგან ყველა დადუღებული და დაძველებულია თიხის ჭურჭლებში, ქვევრებში. „ხოხბის ცრემლების“ მარნის სახელწოდება მომდინარეობს ძველი ქართული თქმულებიდან, რომლის მიხედვითაც, საუკეთესო ღვინოს ძალუძს, სიხარულის ცრემლი მოჰგვაროს ხოხობს. ვიმედოვნებთ, ჩვენი ღვინოები სწორედ ამ გრძნობით აღგავსებთ. ჩვენი რქაწითელი სრულსხეულიანი თეთრი მშრალი ღვინოა, თაფლისა და კურკოვანი ხილის სურნელით. ჩვენი საფერავი არის ტანინიანი, მუქი წითელი, (საქართველოში „შავად“ წოდებული), შავი კენკრის არომატით.

დაგემოვნების შემდეგ სოფელ ტიბაანში, „ხოხბის ცრემლების“ ვენახში ჩავალთ და ვნახავთ, სად იზრდება ვაზი; შევიტყობთ უფრო მეტს ღვინის დაყენების წესის შესახებ. უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინო ქვევრში ძველდება და არა - მუხის კასრებში. ვენახში შეგვიძლია შევუერთდეთ დღესასწაულს, რომლის შემადგენელი ნაწილია წალამზე შემწვარი ქაბაბები, ხალხური სიმღერები, ცეკვები და თამადა, რომელიც ტრადიციულ ქართულ სადღეგრძელოებს შემოგვთავაზებს.

 

3-დღიანი ტური - მოგზაურობა კახეთში

პირველი დღე

„ხოხბის ცრემლების“ ტური იწყება სიღნაღიდან და ტიბაანიდან, ზემოთ აღწერილი ტურის მსგავსად. ღამეს ვათევთ სიღნაღში, სუფთა და სტუმართმოყვარე საოჯახო სასტუმროში ან ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში.

მეორე დღე

მეორე დღეს, დილას, გავემგზავრებით დედოფლისწყაროს რაიონისკენ, სადაც ქვაში გამოკვეთილი ქალაქი ხორნაბუჯის ნანგრევებთან ავალთ. აქედან თვალწარმტაცი ხედები იშლება და შესანიშნავი საპიკნიკე ადგილია.

პიკნიკის შემდეგ სოფელ ველისციხისკენ გავეშურებით, სადაც მე-16 საუკუნის ღვინის მუზეუმს მოვინახულებთ. იქ მეღვინეობასთან დაკავშირებული ნაკეთობების ფართო კოლექციაა წარმოდგენილი. იქვე შეგვიძლია ვნახოთ, როგორ აცხობდნენ ტრადიციულად პურს თონეში. ველისციხის შემდეგ გავემგზავრებით მე-6 საუკუნის იყალთოს მონასტერში, სადაც უძველესი აკადემია და მნიშვნელოვანი კულტურულ-სამეცნიერო ცენტრი მდებარეობდა. ამ ადგილიდან დაედო დასაბამი ქართულ სადღესასწაულო და სათამადო ტრადიციებს.

სადილი კისისხევის რესტორანში გვექნება, სადაც ტრადიციული ქართული კერძებითა და „ვინოტერას“ მარნის საუკეთესო ღვინოებით გაგვიმასპინძლდებიან. „ვინოტერას“ „ქისი“ და „საფერავი“, „ხოხბის ცრემლების“ ღვინოების მსგავსად, თიხის ჭურჭელში დუღდება, თუმცა შემდეგ მუხის კასრებში აძველებენ. ტრადიციული ქართული და ევროპული ტექნოლოგიების კომბინირებით აქ განსაკუთრებული არომატის ღვინოები იწარმოება. 

მესამე დღე

დღე დაიწყება წინანდლის მამულის სტუმრობით; აქ თვალს გადავავლებთ ინოვაციებს ქართულ მეღვინეობაში, რომელიც მე-19 საუკუნიდან პოეტმა და მეღვინემ ალექსანდრე ჭავჭავაძემ შემოიტანა საქართველოში. მამულის ბაღებში გასეირნების შემდეგ „ნიკოს რესტორანს“ ვეწვევით, სადაც „წინანდალს“ დავაგემოვნებთ კახეთის ერთ-ერთი საუკეთესო მზარეულის მომზადებულ სუფრასთან. მოგზაურობას დავასრულებთ კიდევ ერთი მარნის სტუმრობით, რომელიც კახეთის გულში მდებარეობს. ვნახავთ და დავაგემოვნებთ ადგილობრივი ქართული ჯიშებისგან 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებით დაყენებულ ღვინოებს.

 

7-დღიანი ტური - ღვინო და აბრეშუმი, უძველესი დროიდან  ღვინით ვაჭრობის გზების კვალდაკვალ

7-დღიანი მოგზაურობისას გაეცნობით საქართველოში ღვინის ისტორიას აბრეშუმის გზის პერიოდიდან მოყოლებული. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, განიცადოთ მევენახეობის მასშტაბურობა, დააგემოვნოთ ტრადიციული სამზარეულო როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში. აქვე გთავაზობთ 7-დღიანი ტურის მოკლე აღწერას:

მცხეთა - ქართული სამეფოს, იბერიის უძველესი დედაქალაქი. აქ, დასაგემოვნებელ დარბაზში, რომელიც უძველეს ჯვრის მონასტერს შეჰყურებს, ქართლის ღვინოებს დავაგემოვნებთ, მათ შორის: „გორულ მწვანეს“, ღვინოს, რომელსაც მწვანე ვაშლის განსაცვიფრებელი არომატი დაჰკრავს, ასევე - „შავკაპიტოს“, სამეფო წითელს, რომელსაც ძველად მეფეები მიირთმევდნენ და დღესდღეობით მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით იწარმოება.

რაჭა - უნიკალური ადგილობრივი მუსიკითა და სამზარეულოთი განთქმული კუთხე. რაჭაში მოჰყავთ „ალექსანდროულის“ ჯიშის ყურძენი, რომელიც რიონის ხეობის ციცაბო ფერდობებზე იზრდება და მისგან ნახევრად ტკბილ, წითელ ღვინოს, ცნობილ `ხვანჭკარას~ აყენებენ.

გურია და სამეგრელო - ჩაის პლანტაციებისა და ციტრუსების ბაღების გავლით ჩავალთ შავი ზღვის სანაპირომდე და გავსინჯავთ ამ სანაპიროს რეგიონის ღია ფერისა და სურნელოვან ღვინოებს, მათ შორის - „ცოლიკაურს“, ღია ფერის, ყვავილოვან და  ცქრიალა თეთრსა და ვარდისფერ „ჩხავერს“, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს და ბოლო დროს მთელი მსოფლიოს ინტერესიც დაიმსახურა.

კახეთი - განიცადეთ სრული სიამოვნება კახური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების წყალობით. ამ მხარეში ფათოდაა გავრცელებული მრავალი ღვინო, მათ შორის - თეთრი სხეულიანი ღვინოები, „ქისი“ და, „რქაწითელი“. ეს უკანასკნელი გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით, რაც დამოკიდებულია ვენახის მდებარეობაზე.

კახეთში შეხვდებით რეგიონის საუკეთესო მეღვინეებს და მოისმენთ, რას ამბობენ ისინი ქართული მეღვინეობის უძველეს ტრადიციებსა და ახალ მიმართულებებზე.

თუ მზად ხართ, „ხოხბის ცრემლებთან“ ერთად იმოგზაუროთ, საჭიროა მხოლოდ დაგვიკავშირდეთ და ჩვენ ქართული ღვინის სამყაროში გამოგზაურებთ.